მონაწილეები კრავენ წრეს.
ინსტრუქცია - მოდით, ახლოს დავდგეთ ერთმანეთთან, შევკრათ ვიწრო წრე. ყველამ გამოწიოს ხელები წრის შუაგულისკენ. მე დავითვლი სამამდე და ყველა ერთდროულად ჩაკიდებს ერთმანეთს ხელს ისე, რომ თითოეულ ხელში აღმოჩნდეს ვიღაცის ერთი ხელი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თქვენს გვერდზე მდგომი ადამიანის ხელი. დავიწყეთ: ერთი! ორი! სამი!..
მას შემდეგ, რაც ტრენერი დარწმუნდება, რომ ყველას ხელები შეერთდა, ის შესთავაზებს მონაწილეებს, ,,გაიხსნან“ ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ გაუშვან. ამ სავარჯიშოს შესრულების დროს, ხშირად დგება მომენტი, როცა ჰგონიათ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ტრენერმა უნდა დაამშვიდოს მონაწილენი და უთხრას: ,,ეს ამოცანა შესრულებადია, ყოველთვის შესაძლებელია გახსნა“.
სავარჯიშოს გახსნის სამი ვარიანტი არსებობს:
ყველა მონაწილე ერთ წრეში აღმოჩნდება, შესაძლოა, ზოგი ზურგშექცევით. ამას მნიშვნელობა არა აქვს.
მონაწილეები შექმნიან ორ ან მეტ დამოუკიდებელ წრეს.
მივიღებთ ჯაჭვისებურ წრეებს.
დრო, რომელიც ამ სავარჯიშოს სჭირდება, სხვადასხვაა. ერთ ჯგუფს შესაძლოა დასჭირდეს 5 წუთი, სხვას - 20, შეიძლება მეტიც. არ არის გამორიცხული, რომ ჯგუფმა ვერ მოახერხოს სავარჯიშოს შესრულება და უარი თქვას მის დასრულებაზე. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, შეგვიძლია შევეკითხოთ ჯგუფს: ,,რა დაგეხმარებოდათ, ამ სავარჯიშოს შესრულების პროცესში?“ ან ,,რა არ გავაკეთეთ ისეთი, რაც ამ ამოცანის ამოხსნაში დაგვეხმარებოდა? რა გვიშლიდა ხელს?“
მსჯელობის პროცესში, ჯგუფის წევრები, როგორც წესი, მიდიან იმ აზრამდე, რომ ასეთი ამოცანის წარმატებით შესრულებას ხელს უწყობს კეთილგანწყობილი, სათუთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, ზრუნვა იმაზე, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი, სიტუაციის მუდმივი მართვა, ყველას აზრის გათვალისწინება, იდეების ორიგინალურობა და ა. შ. ეს სავარჯიშო ეხმარება ჯგუფის შეკვრას, მაგრამ იმდენად, რამდენადაც გულისხმობს ფიზიკურ კონტაქტს, მისი გამოყენებისას დიდი სიფრთხილე გვმართებს. თუ ტრენერი თვლის, რომ ამ სავარჯიშოს შესრულებისას, რომელიმე მონაწილე ზედმეტად იძაბება, მაშინ სჯობს თავის შეკავება.
No comments:
Post a Comment