Saturday, April 29, 2017

პროექტული სწავლება

პროექტში მოსწავლეების ჩართვამდე პედაგოგმა :
  • ნათლად უნდა  დაისახოს კონკრეტული მიზანი, რომელსაც სურს მიაღწიოს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელების პროცესში და პროექტის საბოლოო შედეგი;
  • პროექტის თემის არჩევისას  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რამდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია პრობლემა, რომელის კვლევასაც აპირებს მოსწავლეებთან ერთად;
  • რამდენად შეიძლება იყოს დაგეგმილი პროექტი და მისაღწევი მიზანი კავშირში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;
  • შესაბამისია თუ არა პროექტში მონაწილე მოსწავლეების კომპეტენცია (ასაკი, საბაზისო ცოდნა, ფსიქო-სოციალური განვითარება) პროექტით დასახული მიზნების და  დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;
  • პრობლემა, ან მისი გადაჭრის გზები წარმოადგენს თუ არა სიახლეს და ითხოვს  თუ არა შემოქმედებითობას;
  • დაგეგმილი აქტივობები ემსახურება თუ არა მოსწავლეთა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას;
  • არსებობს თუ არა შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად;
  • რეალურია თუ არა სავარაუდო  ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;
  • შეიძლება თუ არა  პროექტის სავარაუდო მონაწილეთა შორის ფუნქციები განაწილდეს ისე,  რომ სრულად წარმოჩნდეს თითოული მათგანის ძლიერი მხარე.

მხოლდ ამის შემდეგ არის მიზანშეწონილი მოსწავლეებთან შეხვედრა.

    პროექტში, სავარაუდოდ, მონაწილე მოსწავლეებთან შეხვედრისას, პედაგოგი საუბრობს აღნიშნული პროექტის იდეის მნიშვნელოვნებაზე, მის ზოგად მიზნებზე და სთავაზობს მოსწავლეებს პროექტის თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.
პედაგოგს პროექტის თემის არჩევის გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ვარიანტი აქვს:
  • მოსწავლეებს სთავაზობს მის მიერ არჩეულ თემას;
  • სთავაზობს თემების ჩამონათვალს და სთხოვს იქიდან აარჩიონ სასურველი თემა;
  • შესავალი საუბრიდან გამომდინარე მასთან ერთად მოიფიქრონ მომავალი პროექტის თემა;
  • მოსწავლეებმა თავად გადაწყვიტონ მომავალი პროექტის თემა.

მომავალ პროექტში მონაწილე მოსწავლეთა მაღალი მოტივაციისათვის და შესაბამისად აქტიური ჩართვისათვის,  პედაგოგისათვის ოპტიმალური იქნება მოსწავლეებთან ერთად მოიფიქროს და ჩამოაყალიბოს პროექტის თემა.

     პროექტის თემის არჩევის შემდეგ პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად ადგენს პროექტის აღწერილობას.      
    პროექტის აღწერა არის მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. იგი სასურველია დაიყოს ქვეპუნქტებად, რომელშიც გადმოცეული იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:
  • პროექტის დასახლება;
  • პროექტში მონაწილეთა ვინაობა და  ასაკი;
  • პროექტის ხელმძღვანელი/ ხელმძღვანელები და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა;
  • პრობლემა, რომლის შესწავლას ეძღვნება პროექტი და მისი აქტუალობა;
  • მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიონ პროექტის მონაწილეებმა;
  • პროექტის კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან და ამოცანებთან;
  • ამოცანები, რომლებიც უნდა შეასრულონ პროექტის მონაწილეებმა დასახული მიზნის მისაღწევად;
  • დასახული ამოცანების განხორციელების გზები;
  • დასახული ამოცანების განხორციელების გეგმა (დროში გაწერილი, ე.წ. „განტის ცხრილი“);
  • შედეგი/შედეგები, რომელსაც, სავარაუდოდ, უნდა მიაღწიონ პროექტის დასრულებისას მონაწილეებმა და ბენეფიციარები, რომლებიც ისარგებლებენ პროექტის შედეგებით ;
  • შედეგის წარდგენის ფორმა ( როგორ გავაცნოთ საზოგადოებას პროექტის შესრულების შედეგად შექმნილი პროდუქტი);
  • პროექტის მდგრადობა ( ამ პუქტში განსაზღვრული უნდა იყოს  პროექტი ორიენტირებულია ერთჯერად შედეგზე (პროდუქტზე), თუ შეუძლია ქმედითუნარიანი იყოს მისი დასრულების შემდეგაც;
  • პროექტის შედეგის/შედეგების შეფასების ფორმა და პროცედურები;
  • პროექტის მიმდინარეობისას განსახორციელებელი ეტაპობრივი მონიტორინგის ვადები და პროცედურები;
  • პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი შესაძლო გამოწვევები და მათი დაძლევის სავარაუდო გზები;
  • პროექტის ბიუჯეტი, რომელშიც სასურველია მითითებული იყოს მონაწილეობის ფორმასთან და რაოდენობასთან ერთად დონორების და პარტნიორების (ასეთების არსებობის შემთხვევაში)  შენატანის ფორმა და წილობრივი რაოდენობა. ბიუჯეტი სასურველია წარმოდგენილი იყოს ცხრილის სახით;


No comments:

Post a Comment